logo
ENG



"რიონის ხეობის მცველებმა" გზა გადაკეტეს და "ენკას" შენობის პიკეტს აწყობენ

07 ივნ 202114:53
3 წუთის საკითხავი
 

"რიონის ხეობის მცველებმა" ქუთაისში, ენკას ოფისთან გზა გადაკეტეს და კომპანიის შენობის პიკეტს აწყობენ. 

ნამოხვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეების თქმით, შეინიშნება ხეობაში სპეცქტენიკის გადაადგილება, რომელსაც არ აქვს ენკას ლოგოები, თუმცა არის ეჭვი, რომ სწორედ ასეთი მანქანებით შეაქვთ ხეობაში საჭირო მასალა.

აქტივისტების თქმით, აქცია გამაფრთხილებელი იქნება და ისინი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ თავიანთ მოთხოვნებს შეახსენებენ.

"რადგან კომპანიის სპეცტექნიკა ვერ შედის ხეობაში, ბოლო რამდენიმე დღეა, ფიქსირდება, რომ კომპანია სხვა ტექნიკას ქირაობს და ცდილობენ, ასე გააკეთონ საქმე - კომპანიის ლოგოს გარეშე გადაადგილდებიან ხეობაში", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

 

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. აღსანიშნავია, რომ 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "გონიერებისკენ" მოუხმო.

აღსანიშნავია, რომ 25 მაისს, მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.

 


close დახურვა